ნორმან ბეიტსი


ნორმან ბეიტსი (ინგლ. Norman Bates) — ჭკვიანი, მგრძნობიარე, ჩუმი, მხიარული, სიმპათიური და მორცხვი ბიჭი, რომელსაც მჭიდრო სიახლოვე აკავშირებდა დედამისთან, ნორმასთან.

თავდაპირველად ნორმანს ახალ ქალაქში ცხოვრების თავიდან დაწყება ცუდ აზრად მიაჩნდა, თუმცა გარემოს თანდათან შეეგუა და აზრი შეიცვალა.

დროთა განმავლობაში იგი ნელ-ნელა ყალიბდება რობერტ ბლოხის პოპულარულ რომანსა და ალფრედ ჰიჩკოკის ეკრანიზაცია „ფსიქოში“ აღბეჭდილ სიმბოლურ პერსონაჟად.

ბიოგრაფია

წარსული

ნორმანი არიზონაში თავის მშობლებთან, ნორმასა და სემთან ერთად ცხოვრობდა. ერთ დღეს, როცა სემი ნორმას სცემდა, ნორმანი მწყობრიდან გამოვიდა და მამამისი გაუცნობიერებლად მოკლა, რის შესახებაც მოგვიანებით არაფერი ახსოვდა. ნორმანის დასაცავად ნორმამ სემის სიკვდილი უბედურ შემთხვევად შენიღბა, თითქოს იგი ავტოფარეხში კარადის დაცემამ იმსხვერპლა.

სეზონი 1

ექვსი თვის შემდეგ, რაც ნორმანმა მამამისის ცხედარი ავტოფარეხის კარადის ქვეშ მოყოლილი იპოვა, ის და დედამისი ცხოვრების ახალი ფურცლიდან დასაწყებად გადავიდნენ თეთრი ფიჭვების ყურეში, სადაც ნორმამ ძველი სახლი და მოტელი იყიდა. გადასვლიდან მალევე ნორმანს დაუმეგობრდნენ ბრედლი მარტი და ემა დეკოდი.

მოტელის ყოფილი მფლობელი, კით სამერსი, რომელსაც მოტელი და სახლი ისევ თავის საკუთრებად მიაჩნდა, ნორმას გადაემტერა. საღამოს ის სახლში შეიჭრა და ნორმა გააუპატიურა. ამ დროს სახლში ნორმანი დაბრუნდა და დედამისი იხსნა. განრისხებულმა ნორმამ კითი დანით მოკლა. ნორმანმა და ნორმამ სამერსის მკვლელობა გადაფარეს: მისი გვამი მახლობელ ტბაში ჩააგდეს. ნორმაზე ეჭვი ქალაქის შერიფმა, ალექს რომერომ აიღო.

ერთ დღეს ნორმას კარზე დილანი მოადგა და უთხრა, რომ დასარჩენად სხვა ადგილი არ ჰქონდა. იმავე ღამეს, დილანს ნორმამ დაურეკა, რომლის ნომერზეც „კახპა“ ეწერა. ნორმანმა ეს დაინახა და დილანთან ჩხუბი დაიწყო. ნორმანს თავისმა უფროსმა ძმამ მარტივად სძლია და გააფრთხილა, რომ თუკი ასე კიდევ მოიქცეოდა, რამეს დაუშავებდა. ამისდა მიუხედავად, ნორმანმა ხორცის დასაკეპი ჩაქუჩი აიღო და დილანისკენ მოიქნია, თუმცა დილანი გადაიხარა და ნორმანს სახეში მუშტი ჩაარტყა, რის შედეგადაც თვალი ჩაულურჯდა.

ნორმანმა კით სამერსის მკვლელობის გადაფარვის პროცესში ორი ნივთი შეინახა: სამერსის ქამარი და ჯიაოს დღიური, რომელიც მოტელის მეოთხე ოთახის ხალიჩის ქვეშ იპოვა. როცა ნორმანი და ემა სკოლის პროექტზე მუშაობდნენ, ემამ მის ოთახში დღიური იპოვა. მან მცირე კვლევა-ძიების შემდეგ დღიურში დახატული ერთ-ერთი ადგილი ამოიცნო. ნორმანი და ემა შეთანხმდნენ, რომ დღიურში აღწერილ მოვლენებს გამოიძიებდნენ, რის შემდეგაც ემამ ნორმანს აკოცა. მომდევნო დღეს ისინი გადააწყდნენ მარიხუანას ვრცელ მდელოს (სადაც მოგვიანებით დილანმა დაიწყო მუშაობა) და მათ ორი შეიარაღებული მცველი აედევნათ.

უძილობის გამო ნორმანს სკოლაში ჰალუცინაციები დაეწყო: მოეჩვენა, რომ თავისი მასწავლებელი, მის უოტსონი, დაბმული იყო. მალევე ნორმანმა საკლასო ოთახში გონება დაკარგა. ნორმამ მას საავადმყოფოში მიაკითხა და სახლში ექიმის გაწერამდე წაიყვანა, რადგან შერიფმა ნორმას ჩხრეკის ორდერი წარუდგინა და სახლის ჩხრეკა დაიწყო. ნორმანმა თავისი საწოლის ქვეშ ჩაიხედა და აღმოაჩინა, რომ კითის ქამარი გამქრალიყო. მან ნორმას გაუმხილა, რომ ქამარი შენახული ჰქონდა, რამაც იგი ააფორიაქა. ნორმამ ნორმანს მოგვიანებით უთხრა, რომ ქამარი ზაკ შელბიმ ყველასგან შეუმჩნევლად აიღო, რათა ნორმა და მისი ოჯახი დაეცვა. ნორმანმა დედამისი გააფრთხილა, რომ შელბი საეჭვო პიროვნება იყო, თუმცა მან ყურადღება არ მიაქცია. ამის შემდეგ ნორმანმა და ემამ გადაწყვიტეს, წიგნაკის საიდუმლოს გამოძიება განეგრძოთ. იმავე ღამეს ნორმანს მოეჩვენა, რომ დედამისი მის ოთახში შემოვიდა და კითის ქამრის დაბრუნება დაავალა. იგი შელბის სახლში შეიჭრა და შემთხვევით გადააწყდა სარდაფში დამწყვდეულ გოგონას, ჯიაოს, რომელმაც წიგნაკი დახატა.

ნორმანს ხმები მოესმა და მიხვდა, რომ შელბი სახლში დაბრუნდა, რის გამოც პანიკაში ჩავარდა და გაქცევა სცადა. დილანმა შელბის ყურადღება გადაიტანა, რითაც ნორმანს გასაქცევად დრო მისცა. მოგვიანებით ნორმანმა სახლში შეჭრა უარყო, როცა ამის შესახებ დილანმა ჰკითხა. ნორმანმა ნორმას ჯიაოსა და ქამრის შესახებ მოუყვა, რაზეც ნორმამ უპასუხა, რომ „ზოგჯერ ისეთ რამეებს ხედავს და ესმის, რაც რეალური არ არის“. ნორმანი და შელბი სათევზაოდ ერთად წავიდნენ (მიუხედავად იმისა, რომ ნორმანს წასვლა არ უნდოდა), თუმცა შელბი მალევე გამოიძახეს, რადგან კითის ხელი ტბაში იპოვეს. ნორმანმა დილანს კითისა და ჯიაოს შესახებ მოუყვა; დილანი მას დახმარებას დაპირდა და ძმები ერთმანეთს დაუახლოვნდენ. მათი საუბრისას ბრედლიმ ნორმანს შეტყობინება გამოუგზავნა, დილანმა კი თავისი ძმა გაამხნევა, რომ ბრედლის სახლში მისულიყო. ნორმანი ასეც მოიქცა და მათი შეხვედრა სექსში გადაიზარდა.

როცა ნორმა კით სამერსის მკვლელობისთვის დააკავეს, ნორმანმა გირაო გადაიხადა და დედამისი დაიხსნა. დილანმა ნორმანს შესთავაზა, რომ მასთან ერთად გადასულიყო საცხოვრებლად. ემამ და ნორმანმა შელბის სარდაფში დამწყვდეული გოგონა კით სამერსის ნავში იპოვეს და მოტელში წაიყვანეს. ნორმამ სიმართლე იქამდე არ დაიჯერა, სანამ ჯიაომ გაზეთიდან შელბი, როგორც თავისი მოძალადე, არ ამოიცნო.

დილანმა და ნორმანმა სამერსის ქამარი იპოვეს და ყურეში გადააგდეს. როცა შელბიმ გაიგო, რომ ჯიაო მოტელშია, ბეიტსების ოჯახი იარაღის დამიზნებით შეკრიბა და ნორმას სცემა, რამაც ნორმანი განარისხა და შელბის თავს დაესხა. დილანმა შელბი თავისი ოჯახის გადასარჩენად მოკლა, ხოლო ნორმამ დილანს სემის სიკვდილის შესახებ სიმართლე გაუმხილა: როცა სემი მას სცემდა, ნორმანი განრისხდა და მამამისი მოკლა, თუმცა გონს მოსვლის შემდეგ ამის შესახებ არაფერი ახსოვდა. ნორმამ დილანს უთხრა, რომ ნორმანს დაცვა სჭირდება.

ნორმანი დაუმეგობრდა მაწანწალა ძაღლს, რომელსაც ჯუნო დაარქვა. მოგვიანებით მან ბრედლის მიაკითხა, რათა სიყვარული აეხსნა, თუმცა ბრედლიმ უპასუხა, რომ ერთმანეთის შესაფერისი არ არიან. ამ სიტყვებით განაწყენებული და გულმოკლული ნორმანი სახლისკენ გაემართა. მას მოტელის წინ ჯუნო შემოხვდა და მოსაფერებლად დაუძახა, მაგრამ უეცრად მანქანამ ჩამოიარა და ჯუნოს ნორმანის თვალწინ გადაუარა. ამ ყველაფერმა მას გული დაუმსხვრია და ცრემლების შეკავება ვეღარ მოახერხა.

ნორმანმა ჯუნოს ცხედარი ემას მამასთან, უილთან მიიტანა, რის შემდეგაც მან ნორმანს ტაქსიდერმია ასწავლა. სკოლის დირექტორის მოთხოვნით, ნორმამ ნორმანი ფსიქოლოგთან მიიყვანა, რომლის აზრითაც ნორმას მის შვილზე კონტროლის პრობლემები აქვს.

ნორმანმა და ემამ გადაწყვიტეს, ზამთრის საცეკვაო საღამოზე ერთად წასულიყვნენ. ცეკვის დროს ნორმანი განუწყვეტლივ უცქერდა ბრედლის, რის გამოც გულნატკენი ემა სახლში წავიდა, ხოლო ბრედლის შეყვარებულმა ნორმანს სახეში დაარტყა. ნორმანი შუა წვიმაში სახლისკენ ფეხით მიდიოდა, როცა მისი მასწავლებელი, ბლერ უოტსონი მანქანით შეხვდა. მან ნორმანს თავის სახლში მიყვანა და ჭრილობის დამუშავება შესთავაზა. როცა სახლში მივიდნენ, მის უოტსონი თავის ოთახში ტანსაცმლის გამოსაცვლელად შევიდა, კარები კი ღიად დატოვა. ნორმანს ნორმა მოეჩვენა, რომელმაც დაარწმუნა, რომ ბლერ უოტსონი მის შეცდენას ცდილობდა და უთხრა, რომ იცის, რაც უნდა გააკეთოს. ნორმანი სახლში გაიქცა და ნორმას უთხრა, რომ მის უოტსონს უნდა მოეყვანა, მაგრამ ბოლოს ის ახსოვს, რომ სახლისკენ წვიმაში მარტო მორბოდა. ამასობაში, მის უოტსონის ოთახში მისი ყელგამოჭრილ ცხედარი იატაკზე სისხლის ტბაში იწვა.

სეზონი 2

ბლერ უოტსონის გარდაცვალებიდან ოთხი თვე გავიდა. ნორმამ ნორმანზე ღელვა დაიწყო, რადგან იგი მთელ თავის დროს ტაქსიდერმიას უთმობდა და მის უოტსონის გამოუძიებელი მკვლელობით იყო შეპყრობილი, რაც მის საფლავზე ხშირი ვიზიტით გამოიხატებოდა. ერთი-ერთი ასეთი ვიზიტის დროს ნორმანმა ბლერ უოტსონის საფლავთან ხნიერი მამაკაცი დაინახა და ფოტოები გადაუღო, რადგან ჩათვალა, რომ ის შესაძლოა მკვლელი ყოფილიყო. მან ფოტოები შერიფ რომეროს აჩვენა, რომელმაც შესაძლებლობა გამოიყენა და ნორმანს მკვლელობის ღამეს მისი ადგილსამყოფელის შესახებ შეეკითხა. მოგვინებით ბრედლიმ გილი მოკლა და ნორმანის ოთახში დახმარების სათხოვნად შეიპარა.

ნორმანმა ბრედლი სახლის სარდაფში გადამალა, სადაც მან გილის მკვლელობა აღიარა. ბლერ უოტსონის სხეულში სპერმის ორი ნიმუში აღმოაჩინეს, რომელთაგან ერთ-ერთი ეკუთვნოდა ნარკომანს სახელად კაილს, რომელიც პოლიციამ დააკავა. ნორმანთან დასაახლოებლად და მასთან მეტი დროის გასატარებლად ნორმა საზოგადოებრივ მიუზიკლში ჩაეწერა. სირთულემ თავი იჩინა, როცა თეატრში რეპეტიციის დროს ნორმანს ბრედლი ავტობუსის გაჩერებასთან უნდა მიეყვანა, საიდანაც იგი ქალაქიდან გაიქცეოდა. ნორმანმა დასახმარებლად თავის ძმას დაურეკა.

ნორმანმა თეატრში მუშაობა დაიწყო, სადაც ორგანიზატორებს დეკორაციების მოწყობაში ეხმარებოდა. იქ ის დაუმეგობრდა კოდი ბრენენს. როცა დილანმა კელები ნორმასთან კამათისას დაიცვა, ნორმამ უთხრა, რომ თავისი ძმა ბავშვობაში აუპატიურებდა, თუმცა დილანმა არ დაუჯერა. ნორმანი მათი კამათისას სახლში დაბრუნდა და დილანთან ჩხუბი დაიწყო, რა დროსაც ნორმამ გაამხილა, რომ კელები დილანის მამაა.

ნორმას აღიარების შემდეგ ნორმანს მოეჩვენა, თუ როგორ აუპატიურებდა კელები დედამისს და შედეგად გაითიშა. ასეთ მდგომარეობაში მან კელებს მისი მოტელის ოთახში მიაკითხა, სადაც მას ნორმას პიროვნებად გარდასახული დაესხა თავს. კელებმა ნორმანს მუცელში ჩაარტყა და წავიდა. ნორმანი მოტელიდან კოდიმ წამოიყვანა. გონს მოსვლის შემდეგ მას მომხდარის შესახებ არაფერი ახსოვდა.

ნორმანმა კოდის გაუმხილა, რომ მსგავსი გათიშვები ადრეც მომხდარა. მოგვიანებით კოდიმ იგი თავის საიდუმლო ხის სახლში წაიყვანა, სადაც ისინი სექსით დაკავდნენ.

ემა და განერი მდინარეზე ნორმანს და კოდის გადააწყდნენ. მათ გადაწყვიტეს, ეცურავათ და მდინარეში თოკით გადამხტარიყვნენ. კოდის გამხნევების შემდეგ მდინარეში ემაც გადახტა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავს იკავებდა, შედეგად კი კინაღამ დაიხრჩო; ნორმანმა ემას გადარჩენა დროულად მოახერხა. მომხდარის გამო განრისხებულმა ნორმანმა კოდის და განერს დაუყვირა, ხოლო შეშინებულ ემას ჩაეხუტა. კოდისთან ყოფნისას ნორმანი კიდევ ერთხელ გაითიშა. მან ამის შესახებ ემას უთხრა, რომელმაც ამბავი ნორმანის მართვის მოწმობის აღებისას ნორმას გადასცა. ნორმამ ნორმანს მართვის მოწმობის აღებაში ხელი ამ ფაქტის გამჟღავნებით შეუშალა. სახლში მიმავალ გზაზე ნორმანმა ნორმას მანქანა გააჩერებინა და გაბრაზებულმა უთხრა, რომ სახლში ფეხით წავიდოდა. ნორმანი კოდის სახლში მივიდა და მასთან ხმამაღალი კამათი დაიწყო, რამაც კოდის მამა გააღვიძა. ჯიმიმ კოდის სცემა, რის გამოც ნორმანმა მას ხელი ჰკრა. შედეგად ჯიმი სარდაფის კიბეზე დაგორდა და მოკვდა.

მისტერ ბრენენის სიკვდილის შესახებ ნორმანი დაკითხეს და მისი დნმ-ის ნიმუში აიღეს. ჯიმის სიკვდილი უბედურ შემთხვევად გამოცხადდა და ნორმანი სახლში გაუშვეს. დეიდამისთან ინდიანაში საცხოვრებლად გადასვლამდე კოდი ნორმანთან მივიდა, უთხრა, რომ ნორმა მისგან რაღაც მალავდა და წასვლის წინ აკოცა. მოგვიანებით რომერომ გაიგო, რომ ნორმანის დნმ ბლერ უოტსონის სხეულში აღმოჩენილი სპერმის მეორე ნიმუშს დაემთხვა.

ნორმანი ნორმასგან თავს შორს იჭერდა. სიბრაზით უთხრა, რომ მათი ურთიერთობა შეიცვალა და ისეთი ვეღარასდროს გახდება, როგორიც ადრე იყო. როცა ნორმა ჯორჯთან იყო, სახლში ვიღაც შემოიჭრა და ნორმანი გაიტაცა.

ნიკ ფორდის დამხმარეებმა ნორმანი მდელოში დამარხულ რკინის ყუთში გამოამწყვდიეს. კლაუსტროფობიულ სივრცეში მრავალი საათით ჩაკეტილი ნორმანის გონება მწყობრიდან გამოვიდა და ჰალუცინაციები დაეწყო. მოეჩვენა დედამისი, რომელიც დაჰპირდა, რომ დაიცავდა, ასევე გაახსენდა, თუ რა მოხდა ბლერ უოტსონის მკვლელობის ღამეს: ნორმანმა მასთან სექსის დროს ყელი გამოჭრა. რომერომ ნორმას გაუმხილა, რომ ნორმანს ბლერ უოტსონთან სექსი ჰქონდა, ხოლო სასოწარკვეთილმა ნორმამ მას უთხრა, რომ ნორმანი ნიკ ფორდმა გაიტაცა.

დილანი და რომერო ნორმანის მოსაძებნად წავიდნენ. ნორმანმა მათი ხმის გაგონებისას მთელი თავისი ძალით დილანს დაუძახა. რომერომ და დილანმა ნორმანს მიაგნეს და ყუთიდან ამოიყვანეს. ცრემლმოურეული დილანი თავის ძმას ჩაეხუტა. ნორმანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მან ნორმას უთხრა, რომ სიზმარი ნახა. ნორმამ დაამშვიდა და უთხრა, ამაზე არ ეფიქრა. რომერო დაჟინებით ითხოვდა, რომ ნორმანს პოლიგრაფის ტესტი გაეარა. სახლში გაწერის შემდეგ ნორმანმა სია ჩამოწერა და შეასრულა: თავისი ტაქსიდერმიის ნივთები ჩაალაგა, ემას ნორმას, კელებისა და დილანის შესახებ მოუყვა და ბოლოს დედამისთან ერთად იცეკვა. ამასობაში მან ნორმას ოთახიდან იარაღი და ტყვიები ამოიღო. მომდევნო დღეს ნორმანმა დედამისს გამოსამშვიდობებელი წერილი დაუტოვა და ტყეში თავის მოსაკლავად წავიდა. ნორმა მას დროულად დაეწია და თვითმკვლელობა გადააფიქრებინა. მიუხედავად იმისა, რომ ნორმას თავის ვაჟებთან ერთად ქვეყნიდან გაქცევა უნდოდა, პოლიგრაფის ტესტს დათანხმდა. როცა ნორმანს შეეკითხეს, მოკლა თუ არა მის უოტსონი, მას „დედას“ პიროვნება გამოეცხადა და უთხრა, რომ ბლერ უოტსონი თავად მოკლა და ნორმანს ეს საიდუმლო უნდა შეენახა. ნორმანმა პოლიგრაფისტს უპასუხა „არა“, რაც სიმართლედ დაფიქსირდა.

სეზონი 3

ზაფხულის დედამისთან ერთად მოტელში გატარების შემდეგ, ნორმანი სკოლაში დაბრუნდა, თუმცა ბლერ უოტსონის მოეჩვენა და სახლში გამოიქცა. ამის გამო ნორმამ გადაწყვიტა, ნორმანი სკოლიდან გამოეყვანა და განათლების მიღება სახლში განეგრძო. დილანი ნორმას იმის გამო ეკამათა, რომ ნორმანთან ერთად ერთ საწოლში ეძინა. შედეგად ნორმამ ნორმანთან გარკვეული საზღვრები დააწესა, რაც ნორმანს არ ესიამოვნა. ნორმამ აგრეთვე ნორმანის დაწინაურება გადაწყვიტა და ის მოტელის მენეჯერი გახადა. მიუხედავად იმისა, რომ ნორმანი მოტელის ახალი სტუმრით, ანიკათი მოიხიბლა, გადაწყვიტა, ემასთვის პაემანი დაენიშნა. იმავე საღამოს ნორმამ ნორმანი ანიკას სააბაზანოს ფანჯარასთან გამოიჭირა. ნორმამ იგი დატუქსა და ნორმანი დაჰპირდა, რომ ასე აღარ მოიქცეოდა. როდესაც ანიკამ ოფისში ქალაქის მიმართულების შესახებ იკითხა, მას დახმარება ნორმანმა შესთავაზა. ისინი მანქანით ერთად წავიდნენ. გზად ანიკამ ნორმანს თავისი სამსახურის შესახებ გაუმხილა. ამასობაში, ნორმანი ანიკას მიმართულებებს კარნახობდა. მოგვიანებით, როცა ემამ მოტელი დაკეტა და სახლში წავიდა, ნორმანი ანიკას მანქანით მარტო დაბრუნდა.

ნორმამ ღელვა დაიწყო, რადგან ანიკა მოტელში არ დაბრუნებულა და ნორმანმა იცრუა, რომ მასთან არ იყო, როცა ემამ საპირისპირო უთხრა. ნორმანი და ემა პაემანზე წავიდნენ და ისაუბრეს სექსზე, როგორც ზრდასრულობისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯზე.

ნორმანი უფრო და უფრო განცვიფრდა, რადგან დედამისი არ უჯერებდა. მან აბაზანაში ჩაყვინთა, რათა ანიკას გაუჩინარებამდე მომხდარი მოვლენები გახსენებოდა, რა დროსაც გაითიშა. იგი ნორმამ გადაარჩინა, რის შემდეგაც მოტელის დასაკეტად ჩავიდა. სწორედ ამ დროს მუცელში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ანიკა მანქანით დაბრუნდა და სიცოცხლე ნორმას ხელებში დაასრულა. სიკვდილის წინ მან ნორმას მეხსიერების ბარათი გადასცა და უთხრა, რომ მისთვის და ნორმანისთვის გამოეყენებინა.

სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანების ხმის გაგონების შემდეგ ნორმანი მოტელში ჩავიდა და მიიჩნია, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, თავისი ბრალი იყო, თუმცა ნორმამ გადაარწმუნა. ნორმანს ეჭვები გაუჩნდა ანიკას სიკვდილთან და დედამისსა და დილანს შორის არსებულ საიდუმლოსთან დაკავშირებით. ემამ მის დასამშვიდებლად პიკნიკის მოწყობა გადაწყვიტა, თუმცა ეს მალევე დასრულდა, რადგან ნორმანმა ახსენა ნორმას რჩევა, რომ მას და ემას სექსი არ უნდა ჰქონოდათ. ნორმანი მოგვიანებით დილანის კაბინაში მივიდა, სადაც კელები აღმოაჩინა. იგი დილანს დაემუქრა, რომ ამის შესახებ ნორმას ეტყოდა.

ნორმანმა მომდევნო დილას გაიღვიძა და დაინახა, რომ ემა მის ოთახში იყო. ემამ ნორმანს უთხრა, რომ გაითიშა და ნორმამ სთხოვა, მასთან ყოფილიყო, რადგან თავად სადღაც მიდიოდა. როცა დილანი დაბრუნდა, ნორმანმა უთხრა, რომ ნორმას კელები შესახებ მოუყვა. მოგვიანებით, როცა ნორმა ვახშამს ამზადებდა, ნორმანი მას შეეკითხა, დილით იგივე კაბა თუ ეცვა და აღნიშნა, რომ მისი ლურჯი და თეთრი კაბა ყველაზე მეტად მოსწონდა. ნორმანი ნორმას ოთახში ავიდა, მის კარადაში კაბა იპოვა და გულში ჩაიკრა. ამ დროს მას ნორმამ ვახშმისთვის დაუძახა და ნორმანმა კაბა თავისი საწოლის მატრასის ქვეშ დამალა. როცა დილანი მიხვდა, რომ ნორმანს ნორმასთვის კელების შესახებ არაფერი უთქვამს, ნორმანს დაელაპარაკა და ბოდიშ მოუხადა. ნორმანმა დილანი გაამხნევა, რომ ნორმასთვის სიმართლე ეთქვა და გვერდში ამოდგომას დაჰპირდა. როცა ნორმამ კელების შესახებ გაიგო, კონტროლი დაკარგა, ბარგი აგრესიულად ჩაალაგა და სახლიდან წავიდა. როცა მანქანაში ჯდებოდა, ნორმანი ყვირილით ეძახდა.

აფორიაქებულმა და განცვიფრებულმა ნორმანმა სამზარეულოს მინგრევა დაიწყო, ჭურჭელს ისვრიდა და დილანს უყვიროდა, რომ ნორმა არ დაბრუნდებოდა. დილანმა მისი დამშვიდება სცადა, თუმცა ნორმანს შემთხვევით მუშტი დაარტყა და გათიშა. დილანმა იგი საწოლში დააწვინა და დაარწმუნა, რომ ნორმა დაბრუნდებოდა. მოგვიანებით, ნორმანმა დედამისის ძებნა დაიწყო. მას ეძახდა, საწოლიდან წამოდგა და მისი ოთახისკენ წავიდა. იქ შესვლისთანავე შეამჩნია, რომ ოთახი პეპლებს გაევსოთ და კედელში ბზარი გაჩნდა. ამ დროს იგი რეალურად თავის საწოლში თვალებგახელილი და პარალიზირებული იყო. მოგვიანებით, როცა სარდაფში მკვდარ ჩიტზე მუშაობდა და აყეფებული ჯუნოს გაჩუმებას ცდილობდა, ეუცრად ჩიტმა ფრთების ფართხალი დაიწყო. ნორმანმა იგი მთელი ძალით გაჭყლიტა, შემდეგ კი საკუთარი თავი მაგიდაზე ჩიტის გვერდით დადო. დილანმა და ემამ ნორმანი გაშეშებულ მდგომარეობაში იპოვეს და აღელვდნენ. მათ ნორმანი ზემოთ აიყვანეს და ნორმას ოთახში დააწვინეს. დილანი მოგვიანებით ხმაურმა გამოაღვიძა, რომელიც სამზარეულოდან მოდიოდა. მან სამზარეულოში დაინახა ნორმას ხალათში გამოწყობილი ნორმანი, რომელიც საჭმელს ამზადებდა. „ნორმამ“ დილანს უთხრა, რომ ნორმანს ჯერ კიდევ ეძინა და დაავალა, გაეღვიძებინა, რათა საჭმელი ეჭამა. ამ ყველაფერმა დილანი შეაშფოთა. მალევე ნორმანი საკუთარ საწოლში დააბრუნეს. ემას წასვლის შემდეგ, დილანი თავისი ძმის გვერდით ჩამოწვა და დაეძინა. ნორმა დილით დაბრუნდა და განაცხადა, რომ კელების სანახავად მიდიოდნენ. კელები ნორმას დანახვისთანავე ატირდა, ჩაიმუხლა და მას ფეხებზე ჩაეხუტა, რასაც ნორმანი სიბრაზით ადევნებდა თვალს.

ნორმანი ნორმას ტელეფონის შესაკეთებლად გაჰყვა. როცა ნორმას ჯეიმს ფინიგანმა დაურეკა, ყურმილს ნორმანმა უპასუხა. მოგვიანებით ჯეიმსმა ბეიტსებს სახლში მიაკითხა, რათა ნორმანზე მეტი გაეგო. ნორმანმა ჯეიმსს ჰკითხა, თუ როგორი იყო დედამისთან დაწოლა, რამაც ჯეიმსს აფიქრებინა, რომ ნორმანის გრძნობები ნორმასადმი გაცილებით ღრმა იყო. როცა მან ნორმანს ჰკითხა, უნდოდა თუ არა საკუთარ დედასთან დაწოლა, ნორმანი მწყობრიდან გამოვიდა და მისი დახრჩობა სცადა, ვინაიდან მან „ასეთ საშინელი რამ“ თქვა. ჯეიმსმა თავის დაღწევა მოახერხა და სახლიდან გაიქცა. ნორმამ ნორმანს სარდაფში ჩააკითხა და ანუგეშა. მოგვიანებით, იმავე საღამოს, ნორმანი სარდაფიდან ამოვიდა და ხელში სავახშმოდ მოწვეული კელები შერჩა. ნორმანი ვახშმისას ნორმას გვერდით დაჯდა, რათა კელებისთვის ამის საშუალება არ მიეცა. იმავე ღამით, როცა ნორმას ეძინა, ნორმანი მის ოთახში შევიდა და ბარძაყზე მოეფერა.

მომდევნო დილით ნორმა ნორმანის ოთახში შევიდა, რათა მასთან ელაპარაკა, მაგრამ ნორმანმა უთხრა, რომ მოტელის ოფისში უნდა ჩასულიყო და ემას დახმარებოდა, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. ამ დროს მათ გარედან ხმა მოესმათ. ნორმამ ფანჯრიდან გაიხედა, ხოლო ნორმანი მას საჯდომზე მიაცქერდა. ნორმა გარეთ გავიდა და მუშებს დაუპირისპირდა, თუმცა მათ უპასუხეს, რომ აუზს აკეთებდნენ, როგორც თავად მოითხოვა. ნორმანმა მოგვიანებით ნორმას ოთახში შეაკითხა და გამოუტყდა, რომ მის მიმართ შესაძლოა სექსუალური გრძნობები ჰქონოდა, მაგრამ ნორმამ თქვა, რომ ეს გრძნობები სრულიად ბუნებრივია ნორმანის ასაკიდან გამომდინარე, შემდეგ კი ერთმანეთს ჩაეხუტნენ. ჯეიმს ფინიგანთან საუბრის მცდელობის შემდეგ, ნორმამ ნორმანს გაუმხილა, რომ ჯეიმსს სემის სიკვდილის შესახებ უთხრა, რამაც ნორმანი განარისხა. როცა ნორმა სარდაფიდან გავიდა, ნორმანს დედამისი მოეჩვენა, რომელსაც არ მოუსმინა და გაიქცა. ემა ნორმანს თავიანთი ურთერთობის შესახებ ელაპარაკა და უთხრა, რომ ნორმას გაქცევის შემდეგ დილანს მის მოვლაში დაეხმარა. ემამ თქვა, რომ უკეთესი იქნება, მეგობრებად დარჩენილიყვნენ და ნორმანს ჩაეხუტა, უთხრა, რომ მასზე ყოველთვის იზრუნებს. ნორმანმა უკან დაიხია და თავის ოთახში გაიქცა, სადაც სარწეველა სკამზე დაღამებამდე იჯდა და ჯუნო მოეჩვენა. მას შემდეგ, რაც ნორმამ ნორმანს უთხრა, რომ თავის არეულ საქმეს გამოასწორებს, ნორმანს მოეჩვენა გამომწვევ ლურჯ და თეთრ კაბაში გამოწყობილი ნორმა. ნორმანმა მას ხელი ჰკრა და გარეთ ჯუნოს გაეკიდა. ჯუნოს ჰალუცინაციამ ნორმანი გზის ბოლომდე არბენინა. უეცრად ნორმანმა სიბნელეში ადამიანი შენიშნა, რომელიც ბრედლი მარტინი აღმოჩნდა.

ნორმანმა ბრედლის ჰკითხა, თუ რატომ დაბრუნდა, რაზეც ბრედლიმ უპასუხა, რომ მკვდრად ყოფნა აღარ სურდა. ნორმანმა ბრედლი მოტელის ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა და საჭმელი მისცა. ბრედლიმ ნორმანს დედამისისთვის, ამელიასთვის, შეტყობინების გადაცემა სთხოვა, რომ იგი ცოცხალი და საღ-სალამათი იყო. ისინი ამელიას სახლთან მანქანით მივიდნენ და გაარკვიეს, რომ იგი ხელახლა დაქორწინდა. როცა დედამისი და მისი ქმარი სახლიდან წავიდნენ, ბრედლი შინ შევიდა. სახლის გასაღები სანთლის ქვეშ იყო შენახული. ნორმანმა და ბრედლიმ აღმოაჩინეს, რომ ამელიამ ბრედლის მხოლოდ ერთი ფოტო შეინახა, დანარჩენი კი მისი და თავისი ქმრის ფოტოებით ჩაანაცვლა, რამაც ბრედლი ზიზღით აღავსო. როცა ისინი ზემოთ ავიდნენ, დეკორაციები შეცვლილი დახვდათ, ხოლო ბრედლის ოთახი სავარჯიშო ოთახად იყო გადაკეთებული. ბრედლი და ნორმანი მანქანაში დაბრუნდნენ. ბრედლიმ ტირილი დაიწყო, ნორმანმა კი მას ხელი ჩაჰკიდა და ანუგეშა. ისინი ზღვის პირას მივიდნენ, სადაც ნორმანმა აღარა, რომ ცუდი ადამიანი იყო.

ნორმანი სახლში მივიდა და ნახა, რომ ნორმა სარდაფს ალაგებდა და ტაქსიდერმიის ნივთებს ინახავდა, რისი მიზეზიც ჰკითხა. ნორმამ თქვა, რომ თუკი სემის სიკვდილის ხელახლა გამოძიება დაიწყებოდა, ტაქსიდერმიის ინსტრუმენტები ცუდად გამოჩნდებოდა. ნორმანმა დანებს ხელი ჩაავლო და ნორმას დაუყვირა, რის გამოც ნორმამ იგი თავის ოთახში გაგზავნა.

როცა ნორმანი მოტელის ოთახში დაბრუნდა, ბრედლიმ მას ჰკითხა, თუ რატომ უწოდა საკუთარ თავს ცუდი ადამიანი. ნორმანი გამოუტყდა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ბრედლიმ შემდეგ გაიხსენა ის ღამე, როცა ნორმანმა სახლში მიაკითხა და სიყვარულში გამოუტყდა. ბრედლიმ ნორმანს ხელები ყელზე შემოხვია და საკუთარი გრძნობები გაუმხილა, რის შემდეგაც მათ ერთმანეთს აკოცეს. ბრედლიმ ნორმანს ქამარი შეუხსნა, როცა იგი მაისურს იხდიდა. მათ კოცნა საწოლზე განაგრძეს. უეცრად ნორმანს „ნორმა“ მოეჩვენა, რომელიც იმედგაცრუებით და სიბრაზით უყურებდა. ამის გამო ნორმანი წამოდგა, ტანსაცმელი ჩაიცვა და გარეთ გაიქცა, სადაც კვლავ „ნორმა“ დაინახა, რომელმაც უთხრა, რომ ბრედლის უნდა გაუმკლავდეს.

ნორმანი ბრედლის მოტელის ოთახში შევიდა და საჭმელი მიუტანა, თუმცა იქ არავინ დახვდა. მან შეამჩნია, რომ ბრედლი სააბაზანოს ფანჯრიდან წავიდა. როცა ნორმა ფსიქოლოგიური კლინიკიდან დაბრუნდა, ნორმანს უთხრა, რომ ისეთი ადგილი ნახა, სადაც იგი პროფესიონალურ დახმარებას მიიღებდა. ნორმანმა ეს ამბავი კარგად არ მიიღო. მოგვიანებით, როცა ნორმანი ბრედლის სანახავად წავიდა, ბრედლიმ უთხრა, რომ დედამისის სახლში შეიჭრა და სამკაულები მოიპარა, რისი გაყიდვითაც აღებული ფულით იმავე საღამოს წასვლას შეძლებდნენ. ნორმანს ნორმას მიტოვება არ ეხალისებოდა, მაგრამ მაინც დასთანხმდა. მოგვიანებით ნორმამ ნორმანი თავის ოთახში ნახა, სადაც იგი ჩემოდნის დამალვას უშედეგოდ ცდილობდა. ნორმანმა ნორმას გვერდით ჩაუარა და მიაძახა, რომ ბრედლისთან ერთად მიდიოდა. ნორმამ თქვა, რომ ბრედლი მკვდარი იყო, რაზეც ნორმანმა საპირისპირო უთხრა. ამას მათი შელაპარაკება და ჭიდილი მოჰყვა. ნორმანმა ნორმასგან ჩემოდნის წართმევა სცადა, რის შედეგადაც ნორმამ წონასწორობა დაკარგა და კიბიდან დაგორდა. ნორმანი მიმოფანტული ტანსაცმლის ჩემოდანში ალაგებდა, რა დროსაც ნორმამ მას თავში მძიმე საგანი ჩაარტყა, გათიშა, სარდაფში ჩაიყვანა, ხელ-ფეხი შეუკრა და დილანს დასახმარებლად დაურეკა. როცა დილანი სახლში მოვიდა, ნორმანი სარდაფში აღარ დახვდათ; მან თავის დახსნა და სარდაფის პატარა ფანჯრიდან გაპარვა მოახერხა. დილანმა ნორმას გაუმხილა, რომ ბრედლიმ სიკვდილი გაითამაშა, მაგრამ ნორმას იმაში დაეთანხმა, რომ ნორმანი ვეღარ არჩევდა, რა იყო რეალური და რა — არა.

ნორმანი მანქანით ბრედლიმ აიყვანა და უთხრა, რომ საწვავის დამთავრებამდე ივლიდნენ. როგორც კი ჩაუარეს აბრას, რომელზეც ეწერა, რომ თეთრი ფიჭვების ყურიდან გადიოდნენ, ნორმანმა „დედასთან“ კამათი დაიწყო, რომელიც ეუბნებოდა, რომ ბრედლისთან თავად უნდოდა გასაუბრება. ნორმანმა ბრედლის ამის შესახებ უთხრა და აიძულა, მანქანა ტყესთან შეეჩერებინა. „დედა“ მანქანიდან გადმოვიდა და ბრედლი მძღოლის სავარძლიდან გადმოათრია. მან გაქცევა სცადა, თუმცა „დედა“ წამოეწია და თავზე ქვა მრავალჯერ მიარტყმევინა. უეცრად, ნორმანი გონს მოვიდა და თავის სისხლიან ხელებში ბრედლის გვამი შერჩა. იგი მანქანით სათევზაო ნავსადგომზე მივიდა, საბარგულში მოთავსებულ ბრედლის გვამს სიბრალულით შეხედა, შემდეგ კი მანქანა ტბაში ჩაძირა. ამ დროს ნორმანს „დედა“ კვლავ გამოეცხადა, რომელიც მას ნუგეშისა და კმაყოფილების გრძნობით მოეხვია.

სეზონი 4

ნორმანმა მინდორში ჭრილობებით დაფარულმა გაიღვიძა და „დედასთან“ კამათი დაიწყო. ის ფერმერმა აღმოაჩინა და მუშტის ჩარტყმით გათიშა, როცა ნორმანი თავს დაესხა. ნორმანი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. როცა გამოფხიზლდა, საკაცეზე დაბმული იყო და წარმოდგენა არ ჰქონდა, იქ რას აკეთებდა. ექიმმა ნორმას უთხრა, რომ ნორმანი სახიფათოდ მიაჩნდა და 48 საათით დაკვირვებისთვის უნდა დაეტოვებინა. ნორმამ მოგვიანებით იგი სახლში წამოიყვანა. როცა ნორმა მას თმას სჭრიდა, ნორმანმა თავისი „სიზმრის“ შესახებ მოუყვა, რომელშიც ნორმამ ბრედლი მოკლა. ნორმანმა ნორმას პირობა დაადებინა, რომ ფსიქიატრიულში აღარ გაუშვებდა. ნორმამ ნორმანს თავის საწოლში დაძინების უფლება მისცა. როცა ნორმანმა გამოიღვიძა, ოთახის კარები გარედან ჩაკეტილი დახვდა. მან თავის ოთახთან დამაკავშირებელ კარზე ბრახუნი და მიწოლა დაიწყო და მისი შემტვრევა მოახერხა. შემდეგ ნორმას ხალათი მოიცვა, სარკის წინ დაჯდა და „დედას“ პიროვნებად გარდაისახა. მალევე სახლის ზარი ოდრი ელისმა, ემას დედამ, დარეკა. კარი „დედამ“ გააღო და ოდრის ჩაით გაუმასპინძლდა. ოდრიმ „დედას“ თავისი სიტუაცია აუხსნა, რის შემდეგაც „დედამ“ მას რიტორიკულად ჰკითხა, თუ როგორი დედა ტოვებს საკუთარ შვილს, რის შემდეგაც ოდრი მისივე ყელსახვევით დაახრჩო.

ნორმანმა მომდევნო დილით ნორმას ჰკითხა, თუ რატომ ჩაკეტა ოთახში, როცა თვითონ სადღაც წავიდა. მან უპასუხა, რომ საყიდლებზე წავიდა, რაზეც ნორმანმა ჰკითხა, თუ სად იყო სავაჭრო ჩანთები. ნორმანმა იგი მოგვიანებით სარდაფში, მაცივრის გვერდით ნახა. ნორმანმა ნორმას ოდრი ელისის დაკარგულ ცხედარზე ჰკითხა. მან ისიც თქვა, რომ ნორმას დახმარება სჭირდებოდა და მას თავად დაიცავდა. ნორმანმა დედამისი მოგვიანებით მოტელის გვერდით გათხრილ ორმოში ნახა, სადაც იგი რაღაცას ეძებდა. ამ დროს მოტელში დასარჩენად ოჯახი მოვიდა. ნორმანმა ნორმას უთხრა, რომ გამოეცვალა და მოწესრიგებულიყო, სტუმრებს კი თავად დააბინავებდა. საქმის მორჩენის შემდეგ ნორმანმა ფაქსით გადმოგზავნილი პაინვიუს კლინიკის საბუთები აღმოაჩინა. მას მოეჩვენა მამამისი, რომელმაც უთხრა, რომ ნორმა შეშლილი იყო და იგი მან მოკლა.

როცა ნორმა ვახშამს ამზადებდა, ნორმანმა მასთან კამათი დაიწყო. მას წამითაც არ მოშორდა, რადგან აღარ ენდობოდა. ნორმას ნორმანის საქციელი უფრო და უფრო აღელვებდა და აშინებდა. ნორმანი მას მიუახლოვდა და ყვირილი დაიწყო, რომ ბლერ უოტსონი და ბრედლი მარტინი მან მოკლა, რადგან ეჭვიანობდა. ნორმა გაიქცა და ზემოთ აირბინა, ნორმანი კი აედევნა. მან თავისი მატრასის ქვემოთ იარაღის ძებნა დაიწყო, თუმცა დაინახა, რომ ის ნორმანს ჰქონდა. ნორმამ ნორმანისთვის იარაღის გამორთმევა სცადა, თუმცა ნორმანმა მისი განზრახვა გამოიცნო და ხელი ჰკრა. ნორმა დილანის ოთახში გაიქცა და კარები ჩახერგა, რის შემდეგაც რომეროს დასახმარებლად დაურეკა.

რაღაც დროის შემდეგ, როცა სიწყნარე ჩამოვარდა, ნორმა ოთახიდან გამოვიდა, ქვემოთ ჩავიდა და მაკრატელი მოიმარჯვა. ამის შემდეგ ის სარდაფში ნორმანთან ჩავიდა. ნორმანმა თქვა, რომ საბუთები ნახა, რაზეც ნორმამ უპასუხა, რომ ამას მხოლოდ მის დასაცავად აკეთებდა. ნორმანის საუბრის ტონიდან გამომდინარე, მას ორივეს მოკვლა ჰქონდა განზრახული, მაგრამ რომეროს მოსვლისთანავე ნორმამ მას იარაღი გამოართვა. ნორმანი თვალებაცრემლებული იდგა და რომეროსთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, როცა მისი წაყვანა დააპირა. ნორმა მათ გარეთ დაეწია და ნორმანს სთხოვა, საბუთებისთვის ხელი მოეწერა, რათა ფსიქიატრიულში არ დაბრუნებულიყო. ნორმანი ასეც მოიქცა.

ნორმანი პაინვიუში მოხვედრის გამო აშკარად უსიამოვნოდ გრძნობდა თავს და უინტერესოდ გამოიყურებოდა, როცა ექთანი იქაურობას ათვალიერებინებდა. მან იკითხა, თუ რამდენ ხანს მოუწევდა აქ ყოფნა, რაზეც უპასუხეს, რომ ეგ ექიმ ედვარდსს უნდა გადაეწყვიტა. თავდაპირველი სესიის დროს ნორმანმა ექიმ ედვარდსს არაფერი უთხრა, გარდა იმისა, რომ აქ დედამისის გამო იმყოფებოდა. ამისდა მიუხედავად, მოგვიანებით მან ნორმას მსოფლიოში ყველაზე ბრწყინვალე დედა უწოდა. ნორმანმა ექთანს მოგვიანებით უთხრა, რომ იოგას სავარჯიშოების გაკეთებას თვალებში „გავარვარებული ქინძის თავების“ ჩასობა ერჩივნა.

როცა ნორმანი სადილობდა, მას შემოუერთდა ერთ-ერთი პაცინეტი, ჯულიენი, რომელმაც თქვა, რომ მისი ინდაურის ცხელი ღვეზელი ვიღაცას აგონებდა. ჯულიენმა ასევე თქვა, რომ აქ იმის გამო მოხვდა, რომ მშობლებისთვის გამაღიზიანებელი იყო.

მოგვიანებით ნორმანს ნორმა ეწვია, თუმცა მათი შეხვედრა არც ისე კარგად წარიმართა, ვინაიდან ნორმანი მეტისმეტად გულგრილად იქცეოდა და თავს შორს იჭერდა. მან ნორმას უთხრა, რომ არასდროს აპატიებდა. მოგვიანებით, ვიზიტით გაღიზიანებული ნორმანი ექიმი ედვარდსის კაბინეტში შევარდა და მისი ნახვა მოითხოვა, რის გამოც ნორმანი იზოლაციაში გამოკეტეს. ექიმმა ედვარდსმა იგი საბოლოოდ მოინახულა და ნორმანმა უთხრა, რომ აქვს მიზეზი დაიჯეროს, რომ დედამისი შეშლილი იყო და მკვლელობები ჩაიდინა. ექიმმა ედვარდსმა უპასუხა, რომ ასეთი ბრალდებები აუცილებლად დასრულდებოდა გამოძიების დაწყებით, რაზეც ნორმანი დასთანხმდა.

პიროვნული მახასიათებლები

ნორმანი არის საკმაოდ ჭკვიანი და მის ირგვლივ მყოფი ხალხის მიმართ თავაზიანია. იგი ასევე ყოველთვის ცდილობს ნორმას დაცვას და მისი იმედების გაცრუების შემთხვევაში თავს დამნაშავედ გრძნობს. მას ზოგჯერ სიბრაზე იპყრობს და ნორმას ან დილანს უბრაზდება, თუმცა ამას მალევე ნანობს, ვინაიდან დედამისთან მჭირდო ემოციური კავშირი აქვს. მას, ერთი შეხედვით, ნორმას მიმართ არაჯანსაღი სექსუალური მიდრეკილება აქვს.

გარეგნობა

ნორმანი არის კავკასიური რასის მამაკაცი წაბლისფერი თმითა და ლურჯი თვალებით. მისი ჩვეული სტილი მოიცავს: ღილებიან პერანგს, ხშირად ზემოდან სვიტერით ან ქურთუკით; ხაკის შარვლებს; მოკასინის ფეხსაცმელებსა და კურიერის ჩანთას. მისი სტილი კლასიკური და კომფორტულია.

როგორც საშუალო სკოლის მოსწავლემ, ნორმანმა იცის, რომ განსხვავებულია და ყოველთვის ცდილობს, გარემოს მოერგოს. მისი სასკოლო სტილი არის კლასიკური, უბრალო, და არა თვალშისაცემი.

მკვლელობები

სქოლიო